აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიმბოლურად წითელი კვერცხითა და პასქით ვხვდებით. სააღდგომო კვერცხის სიმბოლურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ლიტერატურა მოგვითხრობს: ”ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ვღორძინდებით.” აღდგომის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო პასქის დაცხობაა, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს. დღესასწაულისათვის აგრეთვე საგანგებოდ აცხობენ პასქის ფორმის საფუარიან პურს-არტოსს, ჯვრისა და ეკლის გვირგვინის ან აღმდგარი მაცხოვრის გამოსახულებით, რომელიც სააღდგომო მსახურებისას იკურთხება, სადიდებლად და მოსაგონებლად უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა. ქრისტე აღსდგა!
|